ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა “სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება”. სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას.
“ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.
ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდაოდ გამოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.
ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება.
ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია – ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის – რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა. საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს სააკაშვილი.