პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა “TV პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა.
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი, სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.
„ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.
კითხვაზე, მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამბობს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არ არის.
„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.
ინტერვიუსას ლიანა ორკოდაშვილმა ისაუბრა იმ კადრებზეც, რომელიც რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ასახავს. მოსამართლის თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ქცევა კონკრეტულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, პირადად მას კი, ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.