16 ივლისს, ღამით, საბერძნეთის ჩრდილოეთით კატასტროფა განიცადა უკრაინულმა თვითმფრინავმა Ан-12, რომელიც სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა და საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.
მედიის ინფორმაციით, კატასტროფა ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მოხდა.
რამდენიმე წუთით ადრე საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. თვითმფრინავმა ავარიული დაშვებისთვის ნებართვა მოითხოვა.
Ан-12-ს შესთავაზეს დაშვება სალონიკში ან კავალიში. თვითმფრინავის ეკიპაჟმა კავალი აირჩია, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა. ის აეროპორტიდან დასავლეთით, 40 კილომეტრში ჩამოვარდა.
ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფის გამო, შესაძლოა, ჰაერში საშიში ნივთიერებები გავრცელდა, მოსახლეობას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მიმდინარეობს გამოძიება, გაიხსნება ე.წ შავი ყუთები.
ბორტზე 8-დან 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ “საშიში ტვირთი”, სავარაუდოდ, ჭურვები გადაჰქონდათ.
ავარიის ადგილას ხანძარი გაჩნდა. თუმცა, ცეცხლის კერები მცირეა და არ არსებობს ხელახლა აალების საფრთხე.
თვითმფრინავი კომპანია Meridian-ს ეკუთვნოდა, რომელიც, მისი ვებგვერდის მიხედვით, ახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ფრენებს მთელს მსოფლიოში, ასევე, აქვს კონტრაქტები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარული მარაგების ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან და ნატოსთან სასწრაფო, მათ შორის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდებაზე.