სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე დღეს დაფუძნებული, პრორუსული პარტიის – “კონსერვატიული მოძრაობა”, აკრძალვის სამართლებრივ გზებზე საუბრობს. პარტიის დამფუძნებლები “ალტ-ინფოს” წევრები და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.
“ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე – 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.
ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.
ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.
რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად“. – წერს გიორგი ბურჯანაძე.