აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი NATO-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ.
“NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ NATO-ს სამიტზე ივნისში”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30-1 ნოემბერს, რიგაში ჩატარდება. შეხვედრის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს.