26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„26 მაისი მხოლოდ წარსული გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაული. არამედ დაფიქრების და გააზრების დღე. დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენ თას ვკითხოთ: ნუთუ ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას. ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა – აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამეთუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა, ცხადია, ეს დაფიქრება უფრო ჩვენ გვევლება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, მომავლის ხედვას და გამბედაობას მოითხოვს, სიფრთხილესთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა