იმ კადრების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ ახლანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს – ამის შესაზებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურის, ხელისუფლების და ზოგადად საზოგადოებისთვის. ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება, ეს მას კარგად გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად ამისა, მაინც ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.
მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს მისი ღირსება, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პასუხი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ ახლანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლება არ უნდა დაემსგავსოს.
ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად გადაწყვიტა შიმშილობა და თავად ცდილობს, მართოს ეს პროცესი, ეს არც ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მისი ჯანმრთელობის საკითხით დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და კიდევაც არის.
ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ აქვს წარმოდგენა, თუ რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ რიგითი პატიმრივით მისი გადაყვანა საფრთხის შემცველია.
ინფორმაციის ნაკლებობა კვებავს მღელვარებას, ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები იწვევს მეტ გაურკვევლობას და მღელვარებას საზოგადოებაში. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა, ამიტომ ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია ითხოვს მყისიერ დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.