სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისთვის გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა.მედალი მის ოჯახს პრეზიდენტის სასახლეში გადასცეს.
„ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო ადამიანისთვის, რომელიც გახდა სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში და არის სიმბოლო იმ უსამართლობის, გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. მინდა გადავცე მის ოჯახს პრეზიდენტის მედალი, როგორც ნიშანი პატივისცემის და იმედის, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან და აღარ იქნება აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ და გადალახონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.
წლების განმავლობაში დათა ვანიშვილი ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს.მისი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.ის უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე, რის გამოც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.