ოპოზიციაში ვთანხმდებით, რომ საჭიროა მოწვეულ იყოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, – ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, უმთავრესი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას ითვალისწინებს.
“ჩვენ კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებთ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მთელი პროცესი სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრისთვის გადადო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ზაფხული. ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სესია. ამისთვის გავმართავთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს უნდა იყოს. თუ პაპუაშვილი თვლის, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ეძახის, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაწერილია 12 პუნქტიან მოთხოვნებში – ეს ეხება “საარჩევნო კოდექსს“, პირდაპირ უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მართლმსაჯულების საკითხებს და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
პარლამენტის მიერ საკანონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ბარიერის დაწევა არის გარანტია იმისა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და კოალიციური მთავრობა შედგეს. თუ იგივე – 5%-იანი ბარიერი დარჩა, მისი გადალახვის შესაძლებლობა არცერთ პარტიას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არა აქვს. ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ვხვდებით, თუ როგორია კონტექსტი. პარლამენტში ყველა ამომრჩეველს საკუთარი წარმომადგენელი რომ ჰყავდეს, საჭიროა დაბალი საარჩევნო ბარიერი. ეს არის გარანტი იმისა, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.