15.11.2024

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი დაწესდება – ვინ დაასუბსიდირებს ამ ცვლილებას?

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი წესდება. კერძოდ, საპენსიო სესხის პროცენტზე დადგინდება 26%-იანი ზედა ზღვარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. სხდომას ოპოზიციის წევრები, სებ-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, პროცესში ჩაერთვება სახელმწიფოც.

კერძოდ, ყოველწლიურად გამოიყოფა 15 მლნ ლარი, რომლის ნაწილიც მოხმარდება საკომისიოების განულებას, ნაწილი კი, მაღალმთიან რეგიონებში პენსიის დარიგების ლოგისტიკური ხარჯების დაფარვას მოხმარდება.

პენსიის გაცემასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ახალი კონკურსი გამოცხადდება. როგორც კომისიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესება უკვე გამოთქვა ორმა ბანკმა – „ლიბერთიმ“ და „საქართველოს ბანკმა“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც კომისიაზე დამსწრე პირებმა განაცხადეს, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 10%-ით მცირდება.

დღეს გამართულ სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ განახლებული პირობების გათვალისწინებით, ბანკებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინტერესი ტენდერში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩაიდო პირობა: ბანკთა შორის განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს არის ხოლმე, დღეისთვის 10.4-10.5%-ია, ამას დაემატება 15%, მარტივი მათემატიკით გამოდის 25.5%, რაც ნომინალური განაკვეთია, ეფექტური შეიძლება 26% იყოს, მაგრამ ეს დღეისთვის. თუ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს ინფლაციის შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც არსებობს, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს, მაგრამ მე აქ ერთ რისკს ვხედავ – რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის ეს პირობები? რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ.

კომერციული ბანკები ბიზნესსუბიექტები არიან და ისინი ყველაფერს იმის მიხედვით გათვლიან, რამდენად მისაღებია ეს პირობები მათთვის. ამასთან, სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესება არის ერთგვარი ჩარევა საბაზრო პრინციპეპში,” – განაცხადა კეპულაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img