5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების მიმართ, ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის და დათუნა ახალაძის და „იმედის“ გადამღები ჯგუფის – დიტო ყირიმლიშვილის და შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ოპერატორ დათო ქორიძის, „რუსთავი 2-ის“ ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.
ბრალდებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს კი 1 წლისა და 2 თვის ვადით. უშანგი დათუნაშვილს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.
დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.
ამავე საქმის მომდევნო ორ ეპიზოდზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე, განაჩენი რამდენიმე წუთში გამოცხადდება. სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა 6 ივლისს „პლატირანიუსის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.