22.11.2024

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა “ახალი კვირა” დახურა, რომელსაც პრორუსული დაჯგუფება “ალტ-ინფო” ემუქრებოდა

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გადაცემა “ახალი კვირა”, რომელსაც პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება “ალტ-ინფო” ემუქრებოდა რეორგანიზაციის მიზეზით დახურა.

“ვებგაზეთი” გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ იმედა დარსალიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, რომელიც “ალტ-ინფოს” ანტიდასავლურ პროპაგანდას და საქმიანობას შეეხებოდა,  ორგანიზაციის წევრები გადაცემის წამყვანს და ჟურნალისტს საჯაროდ დაემუქრნენ გადაცემის დახურვით, ზუსტად ერთ თვეში კი, ტელევიზიამ გადაცემა დახურა. როგორც დარსალია ამბობს, გადაცემის დახურვის/რეორგანიზაციის რეალური მიზეზი, ან რატომ აღარ იქნება თავად წამყვანი არ იცის, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, ეს მისთვის არ განუმარტავს.

“28 დეკემბერს მითხრეს, რომ გადაცემა იცვლის ფორმატს, ამ გადაცემამ ამ სახით ამოწურა საკუთარი თავი, მე გადაცემის წამყვანი აღარ ვარ და გამოცხადდა რეორგანიზაცია თებერვლის ბოლომდე. რეალურად სხვა მეტი არაფერი ვიცი, რეალური მიზეზი არ უთქვამთ, რატომ, რისთვის, როგორ მოხდა, მე რატომ აღარ ვარ წამყვანი. შეკითხვები მაქვს, რომლის პასუხები ვერ მივიღე დღემდე მენეჯმენტისგან.

დღეს ჟურნალისტებმა ამოყარეს ის მუქარის წერილები, რომელსაც ალტ-ინფოს პარტიის ლიდერები საჯაროდ წერდნენ ერთ-ერთი რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში. რეალურად ძალიან არ მინდა, რომ ყველაფერი დავუკავშირო ამას იმიტომ, რომ ამ მუქარებიდან ზუსტად ერთ თვეში დაიხურა გადაცემა. არ ვიცი, ისევ ფაქტები მაინტერესებს და თვის ბოლოს დაველოდები, რას იზამს არხი”, – ამბობს დარსალია.

გადაცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტების გამო, ძალადობრივი ჯგუფების წევრები რამდენჯერმე დაემუქრნენ. 2018 წელს 25 დეკემბერს მას პრორუსულ პროპაგანდაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ულტრანაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე ვაშაკიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” კი, მოლოტოვის კოქტეილების სროლით დაემუქრა. 2021 წლის 26 დეკემბერს, თუთბერიძე “ალტ-ინფოს” წევრებმა აქციაზე ალყაში მოაქციეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით, ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა – „ალტ-ინფოს“ სახიფათო იდეოლოგია“ სახელდებოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img