საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია, ასევე ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა – ინფორმაცია „ვებგაზეთს“ იმედა დარსალიამ დაუდასტურა.
ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ხელი დღეს, 29 აპრილს მოაწერა.
ბერძენიშვილის ამ გადაწყვეტილებით, “ახალი კვირის” წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ტელევიზიაში 1 მაისიდან აღარ იმუშავებენ.
მიზეზად არხის დირექტორი ბრძანებაში “საჯარო სივრცეში გავრცელებულ დაუსაბუთებელ და ცრუ განცხადებებს” ასახელებს.
სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტები მომავალ კვირას ისაუბრებენ.
ცნობისათვის, ყოველკვირეული გადაცემის “ახალი კვირა” ბოლო გადაცემა ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა. ჟურნალისტები თებერვლიდან საჯაროდ საუბრობდნენ მაუწყებელში ცენზურის მცდელობისა და, ე.წ., შავი სიების არსებობაზე.
17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.
ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.
კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.
თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.
როგორც ცნობილია, “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანისა და ჟურნალისტთა ნაწილის მიერ ცენზურის მცდელობებთან დაკავშირებით გახმიანებულ განცხადებებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს. პროცესზე დირექტორთა საბჭოა პასუხისმგებელი.
“პირველი” არხის ვებგვერდის თანახმად, საბჭოში შედიან:
- გიორგი გვიმრაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი;
- რუსუდან მანჯგალაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი;
- ნოდარ ჭიჭინაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი;
- გოჩა ქუმსიაშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი.