პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის შესწორებას, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი ეხმიანება და ამბობს, რომ რეზოლუცია არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი. მისი თქმით, შემაჯამებელი არის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება და თუ რას ემხრობა ევროპარლამენტი საბოლოო დადგენილებაში გამოჩნდება.
„საპარლამენტო დებატები არის პარლამენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რეზოლუცია არის ამ დებატების ამსახავი დოკუმენტი და არა შემაჯამებელი. შემაჯამებელი არის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება და ამის შემდეგ გვექნება საშუალება უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი თითოეული პუნქტი. რეზოლუცია არის დებატების ერთგვარი ოქმი, ეს არ არის შემაჯამებელი დოკუმენტი, რეზოლუცია ჟღერს, როგორც გადაწყვეტილება, მაგრამ სინამდვილეში არის დებატების ამსახავი წერილობითი ფორმა.
ევროპარლამენტი რას ემხრობა, ეს გამოჩნდება მის საბოლოო დადგენილებაში, რომელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოესი ერთი კვირის 10 დღის განმავლობაში მიიღებენ,”- განაცხადა სერგეენკომ.