ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გააცილეს.
დავით ზალკანიანის განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი და ის საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
„წარმატებული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასტური იმისა, რომ მათთვის დემოკრატიზაციის პროცესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიერიდან მთლიანად მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოსაგვარებლად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე, რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ამბიციური გადაწყვეტილება, რაც არის დაკავშირებული 2024 წლის გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასთან“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.