დიღმის მასივში, ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით განთავსებული სარეკლამო ბანერი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და არწმუნებს, რომ ვაქცინა გვიცავს, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული. საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144-ის ნაცვლად, გაზის კომპანია “თბილისი ენერჯის” Სწრაფი რეაგირების სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი – 114-ია მითითებული.
თუ აღნიშნული შეცდომა დროულად არ გამოსწორდება, მოსალოდნელია რომ გაზის საავარიო სამსახურის ცხელი ხაზი 114, გადაიტვირთოს და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული დახმარება დროულად ვეღარ აღმოუჩინონ მოსახლეობას. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ საქმე სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებამდეც კი მივიდეს.
მეორე საკითხი, ეს, სახელმწიფო უწყების მხრიდან გამოვლენილი სამსახურეობრივი გულგრილობაა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ასეთი რამდენი ბანერი დაიბეჭდა საქართველოს მასშტაბით. “ვებგაზეთი” ეცდება აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ის ფინანსური ზარალი დავადგინოთ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა იწვნია.
სხვათაშორის, აღნიშნული ნომრის სწორად გამოცხადება თავის დროზე ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიასაც შეეშალა და 144 – ის ნაცვლად, 114 თქვა პირდაპირ ეთერში.