შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 წლის ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ცხედრის პოვნის ფაქტს ადასტურებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა
საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.