ბათუმში ნაციონალური მოძრაობის წევრების პოლიციაში გამოკითხვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამჟამად გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.
„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე).
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით , აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.