სისხლიანი გარჩევა კახეთში – წინანდლის ტყეში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. “პირველებს” წყარო უყვება, რომ ერთ-ერთი მოკლული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ძმაა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ზვიადაურის ახლო მეგობრებს, რომლებიც მასთან ერთად ტყეში იმყოფებოდნენ.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ იმყოფებოდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც დაჭრილები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში შეყვანისას სამივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ტყეში იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონიც, რომელმაც ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში თავად გადაიყვანა.
წინანდლის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პოლიციასა და ექსპერტ კრიმინალისტებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და ინციდენტის ადგილზე არავის უშვებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში “პირველებს” უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში “პირველებს” სამი გვამის შეყვანის ფაქტი ოფიციალურად დაუდასტურეს, თუმცა მათი თქმით იდენთიფიცირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.