სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია და მხარეებს შორის ლოკალური შეტაკებები მიმდინარეობს.
სომხური მხარე 4 სამხედროს დაჭრის შესახებ იტყობინება. პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხური მხარის პროვოკაციების საპასუხოდ განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი და ნაღმმტყორცნი. ერევანმა კი სუვერენიტეტის დაცვისთვის დახმარებით რუსეთს მიმართა.
“მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შეუტია სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, მივმართავთ რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნებს შორის 1997 წლის შეთანხმებისა და არსებული შეთანხმების ფარგლებში ორმხრივი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დახმარებას გაგვიწევს და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
8-15 ნოემბერს საზღვარზე შეიარაღებული თავდასხმის რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა 16 ნოემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომეხმა სამხედროებმა ქალბაჯარისა და ლაჩინის რეგიონებში სიმაღლეების დაკავებისთვის ოპერაცია დაიწყეს.
ერევნის მოსაზრებით, აზერბაიჯანი არღვევს გასული წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას, რომლითაც ყარაბაღის ომი დასრულდა.
საზღვარზე დაძაბულობას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის მხრიდან “კიდევ ერთი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაცია” უწოდეს.