უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უპასუხა მის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რეაქციას. სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ პაპუაშვილმა ბუჩასა და ირპენში მიწვევა დაახასიათა როგორც შეუსაბამო, მაშინ როცა, მეგობარი ამას მიწვევის გარეშე უნდა აკეთებდეს.
“არის თუ არა სათანადო, უწოდო “არასათანადო” მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მიწვევას, რომ დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მიწვევის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”, – დაწერა სტეფანჩუკმა.
ცნობისათვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი.
„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”, – ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში