ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ სახიფათო სამყაროში, ჩვენ ნატო უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ, თავდაცვის მინისტრებთან მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრებზე გავაკეთებთ. დღეს საღამოს, ჩვენ შევხვდებით უკრაინის, საქართველოს, შვედეთის, ფინეთისა და ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს. ეს არის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვისთვის შესაძლებლობა, რომ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდოს. მოკავშირეები მზად არიან, რომ გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის ჩათვლით. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია ჰერცეგოვინა და საქართველო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოსთვის ნატო-ს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე საქართველოსთვის დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
„საქართველო ლიდერებთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია. ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა თავიანთი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ გააძლიერონ, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველოც ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი საქართველოს გარკვეულ ადგილებში უკვე შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. ველოდები, რომ მოკავშირეები პრაქტიკული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, რომ რუსეთის ინტერვენციას წინ აღუდგეს“, – დასძინა სტოლტენბერგმა.
წყარო: interpressnews.ge