დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს წევრები სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მისაღებად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დანიაში განაცხადა.
ნატო-ს გენმდივნის თქმით, ალიანსი მჭიდრო კავშირშია ფინეთთან და შვედეთთან, ისევე როგორც თურქეთთან, რომელიც აღნიშნული ჩრდილო ევროპული ქვეყნების გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება.
სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ფინეთისა და შვედეთის წევრობაზე ოფიციალური ანკარის წუხილის აღმოფხვრას ცდილობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეთაურის თქმით, ნატოში აზრთა სხვადასხვაობა იშვიათი არაა და ალიანსი გადაწყვეტილებების პოვნაში გამოცდილია.
გარდა ამისა, ნატო-ს ხელმძღვანელს სჯერა, რომ უკრაინას ომის მოგება შეუძლია. მისი თქმით, რუსეთმა ვერ აიღო კიევი, იძულებული გახდა დაეტოვებინა ხარკოვი და მიმდებარე ტერიტორიები და შეეჩერებინა დონბასზე შეტევა.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთმა უარი თქვა თავის სტრატეგიულ მიზნებზე, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის“ , – დასძინა გენმდივანმა.