რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული საქართველოში, ყირიმსა და მოლდოვაში და ეს ძალები მანდ შესაბამისი ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან თავისი ძალები გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფუნდამენტური პრინციპია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან დიალოგში ჩავერთოთ, თუმცა ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალთ. ეს ეხება ევროპაში ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე კომპრომისზე არ წავალთ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა