არ ვიცი, პარლამენტში რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ, რა შეიქმნა იმ პარლამენტში მთავრობის და ოპოზიციის თანამშრომლობით ან არათანამშრომლობით? – პოლიტიკური პროცესი პარლამენტში საერთოდ არ მიდის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით ტენდენციას, რომ რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, რაღაც მომენტში თითქოს ითქვა, რომ აღარ არის საჭირო- დამოუკიდებელია სასამართლო, მართლმსაჯულება გამართულად მუშაობს. ასე არ თქმულა, მაგრამ ამას ნიშნავს, რადგან არანაირი პროცესი არ მიდის. პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით საერთოდ კატასტროფა ხდება და ამ დროს ქვეყანა რას შვება, მთავრობა რას აკეთებს და მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთთან როგორ ახერხებენ მუშაობას, ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის მხოლოდ მათი პოლიტიკური არჩევანი.
წლებია ასეთი ფონი შეიქმნა – უკიდურესი დაპირისპირების, სრულიად არაპროდუქტიული. მე არ ვიცი, პარლამენტში რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ, რა შეიქმნა იმ პარლამენტში თანამშრომლობით ან არათანამშრომლობით? პოლიტიკური პროცესი პარლამენტში საერთოდ არ მიდის. შესაბამისად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაზე, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, პესიმისტურად არ ვუყურებ. მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძლებთ კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ. ამის შემდეგ, უნდა თუ არა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მაინც მოუწევს რეფორმების გატარება, იმიტომ, რომ სასწორზე დევს რეალური შანსი, საქართველო ჯერ გახდეს კანდიდატი და შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა.