კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აბონენტების ნაწილი გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი არ იცავს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირების შედეგად საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ასევე, გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა გადაურჩა სიკვდილს.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე.
„საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28-ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და აქტიური უსაფრთხოების კამპანიისა, აბონენტების ნაწილი არაფრად აგდებს საფრთხეებს და არ აქცევს ყურადღებას გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი. ასეთი დაუდევრობის გამო არაერთი უბედური შემთხვევა ახსოვს დედაქალაქს და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირება.
სწორედ ამ რეაგირების შედეგად გადაურჩა აფეთქებას და სავარაუდო დიდ მსხვერპლს საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი. გუშინვე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა ცეოსგან სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენ მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი (ღია წვის) დანადგარია. ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ სახცოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა, გთხოვოთ ყველას, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე… განსაკუთრებით გვინდა, მოვუწოდოთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს – ჩახსენით მკვლელი დანადგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცხოხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი სპეციალისტები გაძლევენ და დაიცავით საკუთარი და სხვების სიცოცხლე. არ გარისკოთ..ცეო კლავს“, – აცხადებენ კომპანიაში