ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ინფექციონისტი სამ მნიშნელოვან ფაქტორს ასახელებს ამის დასადასტურებლად – ვაქცინაციის ძალიან დაბალი ტემპი, პირბადის გამოყენების დაბალი პროცენტი და პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები.
“საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია და ახლო მომავალში მისი სასიკეთოდ გამოსწორების გზები არ ჩანს, რადგან ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ზრდას სახეზეა:
პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლებით 25%, რაც არის 1 მილიონ ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი.
მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება – 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს.
მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება – ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.” – აცხადებს ცერცვაძე “ინტერპრესსნიუსთან”.