ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო აბებს, კერძოდ „პაქსლოვიდსა“ და „მოლნოპირავირს“ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტების მისაღებად მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზე დაიწყო.
„მინდა საქართველომ იცოდეს, გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ მედიკამენტის არსებობა საერთოდ არავინ იცოდა ან იცოდა ძალიან ცოტამ.
მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი განმარტებით, „პაქსლოვიდი“ 89%-ითმ ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნოპირავირი“ – 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას.