ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვამ ყველაფერი გააკეთა მოსახლეობის ვაქცინაციისთვის და ის რომ დღეს საქართველოში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის პასუხისმგებლობაა და არა მთავრობის.
“ცალსახად, ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ – ჯანდაცვამ და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი. ვინმემ დამისახელოს კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა ხუთი დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის, დღეისთვის ყველაზე რეიტინგული Pfizer-ი. გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი მთელ საქართველოში, მათ შორის, მობილური პუნქტები ავტობუსებში. ჯანდაცვის მესვეურები მოგზაურობდნენ და მოგზაურობენ რეგიონებში, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?! აი რატომ ვამბობ, რომ ჩვენთან მოსახლეობას ეკისრება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, ზოგ ქვეყანაზე მეტი, თორემ არიან ანტივაქსერული გაგებით ჩვენზე უარესი ქვეყნებიც. ძლიერი გამოდგა ანტივაქსერული დამოკიდებულება და სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ.
ჩემი აზრით, მთავრობამ ყველაფერი შესთავაზა, რისი შეთავაზებაც შეეძლო. ეკონომიკაში ათასი რაღაც შეიძლება დაუწუნო მთავრობას, მაგრამ აქ რა უნდა დაუწუნო” – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში ვაქცინაციის ნელ ტემპზე საუბრისას.