„იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, თუ ომის ახალი ფაზა დაიწყო და უკრაინა დამარცხდა, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ვკარგავთ“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, იმ ტიპის შანტაჟი, როგორიც დღეს პუტინმა დასავლეთს მოუწყო, არავის ახსოვს.
„რას ვკარგავთ უკრაინაში თუ გართულება მოხდა? იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, თუ ომის ახალი ფაზა დაიწყო და უკრაინა დამარცხდა, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ვკარგავთ. ეს იმ ხალხს ეხება აგვისტოს ომის დროს დაკარგულ 108 სოფელს ითვლიდა და მისტიროდა, ახლა 108 სოფელს კი არა საერთოდ ქვეყანას დავკარგავთ, იმიტომ რომ იმ ტიპის შანტაჟი, როგორიც დღეს პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს მოუწყო, ჩვენ არ გვინახავს.
ამიტომ ახლა პრინციპულად სხვა ვითარებაა. პრინციპულად სხვა მდგომარეობაა, როდესაც ბანაკები ნათელია და მტერ-მოყვარე ნათელია. სუფთა პრაგმატულად და პრაქტიკულად ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში, ვაშინგტონიდან აუცილებლად მივიღებდით უკრაინასთან ერთად, არა იმ რაოდენობით როგორც უკრაინა, მაგრამ აუცილებლად მივიღებდით. ეს კი სასიცოცხლოდ გვჭირდება და უკიდურესი აუცილებლობა გვაქვს და არანაირი შანსი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.