არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა NDI-ისკვლევების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევები ტენდენციებს აჩვენებს და არც არის გასაკვირი, რომ პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობა ძალიან შემცირებულია.
„კვლევის ამგვარ შედეგებს, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, რომელიც ხელისგულზე დევს და ნებისმიერი ადამიანი ხედავს – უკიდურესი გაჭირვება, სიღარიბე, საფრთხის მომეტებული განცდა და ასევე, უმძიმესი კოვიდვითარება, რომელიც დამატებითი ფაქტორია ამ ისედაც მძიმე გარემოში, რომელიც ქვეყანაში არის. როდესაც ასეთი მდგომარეობა გაქვს და ქვეყანაში წარმატებები პრაქტიკულად არ არის, არაფერი ხდება, რაც ადამიანებს ერთიან სახელმწიფოებრივ კმაყოფილებას მისცემდა, რთულია ილაპარაკო იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას სპეციფიურად მაღალი ნდობა აქვს.
სამწუხაროდ, მართალი ვიყავი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვამბობდი, რომ მთელი 6-7 თვიანი პროცესი, რომელიც წარიმართა, იყო ფუნდამენტურად არასწორი, იყო უზარმაზარი შეცდომა და ვფიქრობ, რომ ეს შედეგები და განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, დიდწილად არის ანარეკლი სწორედ იმ პერიოდის მოვლენების. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, რომელიც პერიოდულად ტელევიზორს რთავს იმისთვის, რომ გაიგოს ამბავი პოლიტიკის შესახებ, რომელიც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება, უყურებს 7 თვის განმავლობაში ამბავს იმის შესახებ, როგორ ჩხუბობდნენ პოლიტიკური პარტიები ერთადერთ თემაზე, ვის რა წილი უნდა ჰქონოდა ქვეყნის პარლამენტში და ვის როგორი სამსახური ექნებოდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი და წარმოუდგენელი ამბავი, გაუგონარი უმწიფრობა პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, როდესაც, ერთი მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უარს ამბობდნენ მოქალაქეების მიერ მინიჭებული მანდატის გამოყენებაზე და მეორე მხრივ, ნახევარ წელზე მეტი მოახმარეს იმაზე ჩხუბს და კამათს, თუ ვის რა სამსახური უნდა ჰქონოდა საქართველოს პარლამენტში, ეს იყო უმძიმე შეცდომა…
რა თქმა უნდა, არის რესურსი და ეს იმავე პოლიტიკურ ძალებშია. უზარმაზარი პოტენციალი აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. მიუხედავად იმისა, როგორი განწყობებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ ინდივიდუალურად ადამიანების მიმართ, ჩვენ გვყავს პოლიტიკური სპექტრი, რომლის დიდი ნაწილი ძალიან გამოცდილია პოლიტიკურ ცხოვრებაში. არის ახლა იმის ნიშნები, რომ რეალურად პოლიტიკის კეთებაზე გადავლენ პოლიტიკური ძალები.
რაც შეეხება მმართველ ძალას, როდესაც 1/3-ს ქვევით არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია იმ მომენტში, ეს ნიშნავს, რომ რეალურად მის მიმართ ნდობაც იმავე ნიშნულშია, ერთნიშნაა, როგორც სხვა პოლიტიკური ძალების. ამიტომ, შეწუხებულები უნდა იყვნენ და დარწმუნებული ვარ, არიან კიდეც, მაგრამ პასუხი, რომ მეორე ადგილოსანთან შედარებით, უპირატესობა გვაქვსო, ამ პასუხშია ყველაზე დიდი პრობლემა.“- განაცხადა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.