მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა – რუსეთის ელიტა პუტინის მოცილებაზე ფიქრობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.
რუსულ ბიზნეს-პოლიტიკურ ელიტაში ყალიბდება ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე გავლენიანი ადამიანების ჯგუფი. მათი მიზანია, რაც შეიძლება მალე პუტინის ჩამოგდება და უკრაინის ომის შედეგად დასავლეთთან დანგრეული ეკონომიკური კავშირების აღდგენა.
„რუსეთის ფედერაციის რუსული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი FSB-ის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს პუტინის მემკვიდრედ მიიჩნევს. ის და მისი დეპარტამენტი პასუხისმგებელნი იყვნენ მოსახლეობის განწყობისა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების ანალიზზე. ბორტნიკოვი და რუსული ელიტის ზოგიერთი სხვა გავლენიანი წარმომადგენელი პუტინის ხელისუფლებაში მოხსნის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. კერძოდ, არ არის გამორიცხული მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა ან სხვა, მაგალითად, ავარია“, – ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვის თანახმად, შესაძლოა, ამ პროცესებს უკავშირდებოდეს კიევის ჩრდილოეთში ჩეჩნური შენაერთების ადგილმდებარეობის „გაჟონვა“.
„ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. ალბათ, სწორედ ასე ცდილობს FSB-ის ხელმძღვანელობა კადიროვის გავლენის შესუსტებას. ეს შეიძლება იყოს, ასევე, უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დამყარების მცდელობა, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: pia.ge