საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა Ukrposhta აქვეყნებს. ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.
„უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს.