უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ დღეს გამართული ე.წ კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები.
“იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის , – ნათქვამია განცხადებაში.