ამაღამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი თვე შესრულდება. ევროპა პირველივე დღიდან ერთიანად დგას. მოდით, გავაგრძელოთ ასე. თუ არის რამე, რასაც პუტინი არ ელოდა, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ჩვენი მოქმედების სიჩქარე და ჩვენი გამბედაობა. მას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ჩვენ ასე გავაგრძელებთ , – ამის შესახებ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მან მიმართა ევროპარლამენტის წევრებს და განაცხადა, რომ თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა.
„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ასობით ადამიანი დააკავეს. და მაინც, ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში და აპროტესტებს შემოჭრას. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში ოკუპანტ ჯარისკაცებს სახეზე თავიანთ ლურჯ და ყვითელ დროშებს უფრიალებენ. არ გაჩერებულან, მას შემდეგაც კი, რაც რუსმა ჯარისკაცებმა სცემეს და რამდენიმე მათგანი მოკლეს.
პატივცემულო წევრებო, თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელია უკრაინა და უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
მან აღნიშნა, რომ მთელი ევროკავშირის ამჟამინდელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს ომი პუტინისთვის სტრატეგიულ წარუმატებლობად იქცეს.
„სწორედ ამიტომ, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის გამოეყოთ 1 მილიარდი ევრო უსაფრთხოების კუთხით დასახმარებლად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი აჩერებს ახალ ევროპულ ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში, რადგან მათ არ სურთ გააძლიერონ რუსეთზე მათი ენერგეტიკული დამოკიდებულება.