“ვენეციის კომისია ევროპულ კონტექსტში არ იცნობს კომუნიკაციების სფეროს სხვა რომელიმე მარეგულირებელს, რომლის ხელშიც ასეთი ფართო უფლებები აქვს მინიჭებული”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს აფასებს.
საქართველოში კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართა ევროპული საბჭოს მონიტორინგის საპარლამენტო კომიტეტმა და კომისიას ამ კანონის შეფასებისკენ მოუწოდა.
ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და მის შედეგად კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებების მიზეზს “კავკასუს ონლაინთან” არსებული დავა წარმოადგენდა და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. თავის მხრივ, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა გასაჩივრდა როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე კომპანიის მეწილემ NEQSOL ჰოლდინგმა ის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში (ICSID) გაასაჩივრა.
ვენეციის კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ კომისიის წარმომადგენლებმა ახალი კანონის შეფასებისთვის 2021 წლის თებერვალში გამართეს ვიდეოკონფერენციები როგორც კომუნიკაციების კომისიის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს ბიზნეს სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოისმინეს კანონმდებლობის შესახებ არგუმენტები.
ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს და ის ვერც ლეგიტიმურობის და ვერც პროპორციულობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს. მეტიც, კომისიის შეფასებით, ახალი კანონმდებლობის შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი უფლებები იმდენად გაიფართოვა, რომ ვენეციის კომისია ვერ პოულობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში ანალოგს, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს კომპანიების მიმართ ასეთი შეუზღუდავი უფლებები გააჩნდეს.
“კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ვენეციის კომისია წერს, რომ კომუნიკაციების კომისიას, როგორც მარეგულირებელ ორგანოს აქვს ამოცანა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე და არ დაუშვას საბაზრო წილების კონცენტრაცია, ასევე დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, რისთვისაც კონკრეტულ შემთხვევებში კომისიას გამოიყენოს სანქცირების მექანიზმებიც, თუმცა ამ შემთხვევაში კანონმდებლობის მიერ მინიჭებული უფლებები ვენეციის კომისიის შეფასებით “ზედმეტად ფართოა” და დარღვევის არაპროპორციულად შეიძლება იქნეს გამოყენებული. კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად კომისია მიიჩნევს იმასაც, რომ არ არსებობს კანონით განსაზღვრული ლიმიტი თუ რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება კომპანიას სპეციალური მმართველი ჰყავდეს.
გადაწყვეტილებაში საუბარია თავად კომუნიკაციების კომისიის არგუმენტებზეც, რომლის განცხადებითაც, ეს კანონი აუცილებელია, რადგანაც მას “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” და “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” მოვალეობა აქვს, თუმცა ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსად ქართულ კანონმდებლობაში არ არის განმარტებული თუ რას წარმოადგენს “კრიტიკული ინფრასტრუქტურა”. “ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის” არგუმენტთან დაკავშირებით კი ვენეციის კომისია წერს, რომ ეს არგუმენტიც ზედმეტად ფართოა; ამასთან, თავად ქართული კანონმდებლობა არ ზღუდავს უცხოეთის მოქალაქეების ან უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში საკუთრების ფლობას.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვენეციის კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ გაუქმდეს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მეთერთმეტე მუხლში შეტანილი ცვლილებები, ასევე ახლიდან ჩამოყალიბდეს კანონის 46-ე მუხლში არსებული ჩანაწერები, საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), ასევე განისაზღვროს, რომ აღნიშნული რეგულირება სამაუწყებლო ოპერატორებს არ ეხებათ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კომპანია Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 2020 წლის 1 ოქტომბერს კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დაინიშნა. სადავო ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.
Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.
2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს, რამაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და ბიზნეს სექტორის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. დღეს ამ კანონში ცვლილებების შეტანისკენ საქართველოს უკვე ვენეციის კომისიაც მოუწოდებს.
წყარო ბი ემ ჯი