ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერებს არგუმენტებით პასუხობს. ზოიძე ამბობს, რომ საჭიროა, ამომწურავი და საზოგადოების თითოეულ ჯგუფზე მორგებული, ასევე გასაგები ენით და ფორმით პასუხების გაცემა.
ჯანდაცვის სპეციალისტის აკაკი ზოიძის ბლოგს webgazeti.ge უცვლელად გთავაზობთ:
ვინ არიან და რა ამოძრავებთ ანტივაქსერებს?
ამ შედარებით გრძელი პოსტის, უფრო ბლოგის დაწერის მიზეზი ორია: პირველი, ზოგადად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაშიც თავისი წვლილი ამ კატეგორიის ადამიანებს მიუძღვით და მეორე, კონკრეტულად COVID 19 & ვაქცინაცია | V-Talk Georgia ჯგუფში ამ დღეებში ნანახი მორიგი „დისკუსიაა“, როდესაც ამ ჯგუფში გაწევრიანებული ანუ ფაქტობრივად, მტრის ზურგში მამაცურად დესანტირებული „გმირი ანტივაქსერი“ ცდილობდა …. არ ვიცი, მართალი გითხრათ, რას ცდილობდა, ალბათ ეგონა, რომ თავისი „ლოგიკური“ და „შემმუსვრელი“ არგუმენტებით 3500 კაცს უცებ, ერთი დარტყმით გააწევრიანებდა “ანტივაქსერთა ჭეშმარიტების საძმოში”. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ადმინისტრატორებს, არა მხოლოდ ამ დისკუსიისას გამოჩენილი კორექტულობისა და სიზიფეს მოთმინებისათვის, არამედ პირველ რიგში იმ უანგარო საზოგადო საქმისთვის, რასაც ეს ჯგუფი აკეთებს უამრავი ადამიანის დაკვალიანებისა და ასობით კითხვაზე პასუხის გაცემისათვის, რომლის შედეგადაც, ბევრმა მოყოყმანე ადამიანმა გადაწყვიტა აცრა და ამითი ოდნავ მაინც მოაახლოვა პანდემიის დასასრული.
ახლა, როდესაც მასობრივი ვაქცინაციის ფაზაში შევდივართ (შემაშფოთებლად ზანტად), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია კოვიდ-19-ის და მის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ არსებულ კითხვებზე ამომწურავი და საზოგადოების თითოეულ ჯგუფზე მორგებული და გასაგები ენით და ფორმით პასუხების გაცემა, დეზინფორმაციის და მითების გაბათილება და ჭორების და ფაქტებით მანიპულაციის პრევენცია-აღკვეთა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება წლის ბოლომდე იმ რაოდენობით ჩვენი მოქალაქეების აცრა, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს და პანდემიის დასრულებას მივაღწიოთ.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი ეფექტიანი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან არ წარმოებს, მაშინ როდესაც კოვიდ-19 თან ერთად გააქტიურებული ანტივაქსერული მოძრაობა აგრესიულ, კარგად ორგანიზებულ და თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს კოვიდ-19 ის საფრთხის ნიველირებისა და ვაქცინების საწინააღმდეგოდ გლობალურად და საქართველოში, რომლის სოციალურ მედიაში „ვირუსულ“ გავრცელებას შეგნებულად თუ შეუგნებლად, მატერიალური დაინტერესებით თუ უანგაროდ, ხელს უწყობს საკმაოდ ბევრი, ერთი შეხედვით თითქოს რაციონალური ადამიანი და ამით რისკის ქვეშ აყენებს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას და რაც მთავარია სიცოცხლეს.
აქ საუბარი არ არის ადამიანებზე, რომელთაც ლოგიკური და როგორც ეხლა მოდაშია თქმა, „ლეგიტიმური“ კითხვები აქვთ ვაქცინებთან, მათ ხარისხთან, შემუშავების მოკლე ვადებთან ეფექტურობას და ეფექტიანობასთან, თუ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე არსებობს ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომელიც ქართულენოვან სივრცეში კომპაქტურად თავმოყრილია https://provax.ge/ და ასევე ვნახე აქ –https://www.facebook.com/ninuka.g (მადლობა ავტორს). დასკვნა ერთია, ვაქცინაციას არ გააჩნია ალტერნატივა და არის პანდემიის დასრულების კრიტიკული წინაპირობა, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციის ამოცანა უნდა იყოს ამ ინფორმაციის პროაქტიულად და ეფექტიანად მიწოდება რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქისათვის, რომ მათ აღარ იყოყმანონ და აიცრან.
ეს ბლოგი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პასუხების და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და რაც მთავარია იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ვაქცინების უკვე 3.7 მილიარდი დოზა გაკეთდა და დღეში 30 მლნ-ზე მეტი იცრება, ჯერ კიდევ ვაქცინების „ექსპერიმენტულ ხასიათზე“ საუბრობენ ან კოვიდზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ უკვე დიდი ხნის გაბათილებულ მითებს და დეზინფორმაციის შესაბამის აუდიტორიაზე მორგებული ფორმებით ჯიუტად ავრცელებენ. ისევე როგორც მე, ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ აკეთებენ ამას? რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს? რატომ აიგნორირებენ და/ან გააფთრებული ებრძვიან ფაქტებს და სამეცნიერო მტკიცებულებებს? ამის გაგება შეიძლება ბევრს დაეხმაროს ანტივაქსერების ამოცნობაში და მათი დეზინფორმაციის შეფასებაში და იმედია, ხელს შეუწყობს რათა არ მოხვდნენ, ან თავი დააღწიონ მათ ზეგავლენას.
ანტივაქსერული მოძრაობა არახალია, პირველი ანტივაქსერები ედუარდ ჯენერის მიერ 1796 წელს ყვავილის ვაქცინის შემუშავების პერიოდიდან გაჩნდნენ. ყვავილი უმძიმესი დაავადება იყო, რომელიც კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულს და რომელიც სწორედ ვაქცინაციის შედეგად სრულად აღმოიფხვრა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც ეს ცოტა ხანში მოხდება მეორე უმძიმესი დაავადების – პოლიომიელიტის შემთხვევაში, რაც კაცობრიობის ისტორიაში მედიცინის და ზოგადად მეცნიერების ერთ-ერთ უდიდესი მიღწევაა. ჯენერის პერიოდიდან მოყოლებული, ანტივაქსერები ცდილობდნენ მოგვვლენოდნენ „თეთრ რაინდებად“, რომლებიც საზოგადოების შიშებს გამოხატავდნენ და ავრცელებდნენ, რათა საკუთარი თავები საზოგადოების ინტერესების დამცველ გმირებად წარმოეჩინათ. მათ მიერ გამოყენებული სტრატეგია, ტაქტიკა და მეთოდები თითქმის არ შეცვლილა შემდეგი ორასი წლის განმავლობაში.
– ასე მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის მკვლევარს პოლა ლარსონს გარდიანის სტატიაში მოაქვს დოქტორ ალექსანდრე როსის (ექიმის!) იმ დროისთვის პოპულარული პამფლეტი, რომელიც კანადაში ფართოდ გავრცელდა, როდესაც მონრეალში იყო ყვავილის ეპიდემია 1885 წელს: „აღარ ისაუბროთ რუსულ ტირანიაზე“ (ეს პერიოდია, როდესაც რუსეთში ებრაელების „პოგრომები“ ხდება) – პათეტიკურად მიმართავდა როსი საზოგადოებას – „როდესაც ვხედავთ თუ როგორ თელავენ მონრეალის ჯანდაცვის მესვეურები სამოქალაქო უფლებებს და თავისუფლებებს!“. ის არწმუნებდა მკითხველს, რომ ვაქცინაცია არ ახდენს ყვავილის პრევენციას, მაგრამ იწვევს ისეთი „საზიზღარი“ დაავადებების გავრცელებას, როგორიც სიფილისია (ათაშანგი) და თვითონ ყვავილიც ასევე აცრის შედეგად ვრცელდება და „ეგრევე“ კლავს ბავშვებს (როსის სხვა თანამოაზრეები ამტკიცებდნენ რომ ეს აცრა ასევე იწვევს უნაყოფობას)! მეტიც ის ამტკიცებდა, რომ „მონრეალში რეალურად ყვავილის ეპიდემია არ არის და გვატყუებენ“ და რომც იყოს, ყველაზე საუკეთესო საშუალება არის „სუფთა ჰაერი, ჰიგიენის დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი (ალკოჰოლისგან თავის შეკავება)“. „მტკიცებულებებად“ როსი სთავაზობდა რამდენიმე ინდივიდის აზრს, რომელთა წოდებები იწყებოდა შთამბეჭდავი პრეფიქსებით: „პროფ.“; „დოქტორი“, „სერ“ და ა.შ“.
– ხომ არ გეცნობათ ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ გეცნობათ და არაერთი მსგავსი არგუმენტი მოგისმენიათ და „პამფლეტი“ წაგიკითხავთ კოვიდ-19-ზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ამ პამფლეტში ასახულ ნაცად ტაქტიკას და ხერხებს იყენებდა და იყენებს მთელი მისი ისტორიის მანძილზე, კერძოდ:
1. მკვეთრად შეამცირე დაავადების რისკი და მისგან გამოწვეული საფრთხე და გააბუქე ვაქცინაციის რისკი;
2. მიანიშნე უფრო დიდი შეთქმულების თაობაზე, რომლის შედეგად დაავადებით და ან ვაქცინით სარგებელს იღებენ…. (მასონები, სიონისტები, მამონას მიმდევრები, მსოფლიო მთავრობა, გლობალისტები, ჩინელები, დიდი ფარმა, სამედიცინო ესტაბლიშმენტი, ბილ გეიტსი და მისთანები, მთავრობა და ა.შ.) და ამიტომ არ უნდა გჯეროდეს ექიმების და ზოგადად, მეცნიერების, რომლებიც ყველა ნაყიდია;
3. მიუთითე ავტორიტეტულ ფიგურაზე როგორც წყაროზე, რომელიც შენს მსგავსად არ „უშინდება“ ებრძოლოს უმრავლესობას და/ან საყოველთაო კონსენსუსს;
4. მშრალი ფაქტების, და მოსაწყენი ციფრების და ზოგადად სტატისტიკის ნაცვლად გამოიყენე ისტორიები, სადაც ფიგურირებენ პერსონაჟები (ჩემი ოჯახის წევრი/ნათესავი, ჩემი მეზობელი, ჩემი ოჯახის ახლობელი, ჩემი უბნელი/სოფლელი, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი და ან საპატივსაცემო ადამიანი ან ადამიანები), რომლებთანაც ადამიანებს გაუადვილდებათ ემოციური კავშირების დამყარება და ასოცირება.
ამ ტაქტიკის გამოყენებით, ანტივაქსერები ახერხებდნენ და ახერხებენ უამრავი ადამიანის აზრზე ზეგავლენას, ეჭვის გაჩენას და მათი ინფოდემიის შეგნებულ თუ უნებლიე გამავრცელებლებად გადაქცევას. მეტიც, დღესდღეობით ეს არის პროფესიონალი პროპაგანდისტების კარგად ორგანიზებული ინდუსტრია, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით (თუმცა უმეტესად აშშ-ში ინკორპორირებულ) მულტიმილიონიან და მრავალრიცხოვანი პერსონალის მქონე ორგანიზაციებს ამუშავებენ https://www.washingtonpost.com/ და აწარმოებენ მათი აქტივისტების საწვრთნელ მასალებს, სხვადასხვა აუდიტორიებზე მორგებულ გზავნილებს, ატარებენ რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს, https://www.counterhate.com/playbook, აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას ანტივაქცინაციური მოძრაობის მხარდასაჭერად და რაც შეიძლება მეტი აცრის თაობაზე მოყოყმანის (vaccine hesitant), ამ მოძრაობის აქტივისტად, ანუ ანტივაქსერად გადასაქცევად. მათ ჩამოყალიბებული აქვთ კომპლექსური ონლაინ ინფრასტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული ანტივაქცინაციური ვებგვერდების, ღია და დახურული ფეისბუქ ჯგუფების, Youtube -ის არხების, ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები, რომელთა მხოლოდ ინგლისურენოვანი აუდიტორია 59 მილიონს აღწევს. ამას ემეტება რუსული ტროლების ფაბრიკის სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ჯგუფები https://www.cbsnews.com/…/anti-vax-movement-russian…/ და რუსულენოვანი სოციალური მედია, რომლებიც ეხლა უკვე დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ პროპაგანდაზე ამუშავდნენ https://www.wsj.com/…/russian-disinformation-campaign….
ფსიქოლოგები დიდი ხანია ცდილობენ გაანალიზონ ანტივაქსერის ფსიქოლოგიური პროფილი და ანტივაქსერული პროპაგანდის ვირუსული გავრცელების პრევენციის და აღკვეთის საუკეთესო მეთოდები. დღეს მათი ნაწილი თვლის, რომ „უანგარო“ ანტივაქსერების და მათი ერთგული მიმდევრების დიდი ნაწილი, გარდა იმისა, რომ არიან ზოგადად შეთქმულების თეორიების ადვილად გამზიარებელი ადამიანები, არიან ასევე დანინგ-კრუგერის ეფექტის https://www.youtube.com/watch?v=4FGnb2lgPBA მსხვერპლი.
დანინგ-კრუგერის ეფექტი – „უცოდინრობის უცოდინრობა“, ანუ ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები გადაჭარბებით აფასებენ საკუთარ ცოდნას და/ან უნარებს და აქვთ დაუსაბუთებელი „ილუზორული უპირატესობის“ შეგრძნება – შემეცნებითი მიკერძოების ერთ-ერთ სახეა, რომელსაც ალბათ ფსიქოლოგიის სპეციალისტების ვიწრო წრის მიღმა შედარებით ფართო საზოგადოება იცნობს.
აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კვლევა https://www.sciencedirect.com, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლოა სწორედ ეს ეფექტი თამაშობს წამყვან როლს ვაქცინაციაზე ფართოდ გავრცელებული შეხედულებების, კერძოდ კი ყალბი რწმენის არსებობაში, – რომ წითელას ვაქცინა (MMR) იწვევს აუტიზმს. მკვლევარებმა, გატესტეს რა 1,300 ადამიანის ცოდნა აუტიზმის და მისი წარმოშობის მიზეზების შესახებ, აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანების 62%, რომელთაც ყველაზე ნაკლები ცოდნა გამოავლინეს საკითხის ირგვლივ, თვლიდა, რომ მათ ექიმების და მეცნიერების ცოდნის შესადარისი ან მეტი ცოდნა ჰქონდათ. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ რაც უფრო მეტ დროს ხარჯავს ადამიანი ამ უცოდინრობის გავრცელებაში, რათა წინ აღუდგეს „სისტემას“, „ესტაბლიშმენტს“, „კაცობრიობის მტრებს“, „ეშმაკებს“ და აგროვებს ამ პროცესში თანამოაზრებს, მით უფრო უმყარდება ეს შემეცნებითი მიკერძოება და მხოლოდ იმ ფაქტებს და ინტერპრეტაციებს „ხედავს“, რომელიც მის უკვე ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს „ამყარებს“ და სრულ იგნორირებას უკეთებს ყველა დანარჩენ ფაქტს, თუ მტკიცებულებას. სწორედ ამით შესაძლოა აიხსნას ანტივაქსერების ის აგრესიული თავდაჯერება და აშკარა, დამაჯერებელი და ლოგიკური მტკიცებულებების იგნორირება, რაც ალბათ ბევრ თქვენთაგანს მათთან დისკუსიაში გამოუცდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ აღიარება, რომ მათი თავიანთ ცხოვრების ბევრი ძვირფასი წუთი და ძალისხმევა დახარჯეს მავნებელი იდეების მხარდაჭერას და გავრცელებაში.
ფსიქოლოგიურ მეცნიერებებზე არის დამყარებული ასევე ის 5 რეკომენდაცია, რომელსაც გვთავაზობენ სპეციალისტები ანტივაქსერული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ:
1. არასოდეს შეხვდეთ ანტივაქსერების მიერ წარმოებული დეზინფორმაციის ონლაინ-დისკუსიაში და არ მისცეთ მათ ფართო აუდიტორია, რაოდენ მაცდუნებელიც არ უნდა იყოს ზოგჯერ იმის სურვილი, რომ მიუთითო იმ აშკარა ტყუილებზე, მცდარ და ზოგჯერ ბოდვით იდეებზე, რომელთაც ჩვეულებრივ ასე უხვად შეიცავს მათი გზავნილები. ანტივაქსერების ძირითადი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის „შეყოლიება“ დისკუსიაში და მეტი გაზიარების მიღება, რაც დეზინფორმაციის გავრცელებას ავტომატურად უწყობს ხელს.
2. არ არის საჭირო გადაჭარბებული და ზედმეტად ემოციური რეაქციის მიცემა – „შეცხადება“ მათ სიყალბეებზე და ბოდვით იდეებზე. თქვენ რომ ხედავთ ონლაინ, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მათ მიერ გადმოცემული თვალსაზრისი ფართოდ არის გაზიარებული.
3. მეგობრებს და ოჯახის წევრებს მათ მიერ ნებით თუ უნებურად გავრცელებული დეზინფორმაცია გაუსწორეთ არასაჯაროდ, პრივატში. რათა არ გამოვიწვიოთ საჯაროდ „შერცხვენის“ ეფექტი და მასთან დაკავშირებული შესაძლო წინააღმდეგობა.
4. შეეცადეთ გაავრცელოთ „პროვაქცინური“ გზავნილები მხოლოდ ავტორიტეტული წყაროებიდან. არაკომპეტენტური წყაროებიდან მომავალმა, არასწორად ჩამოყალიბებულმა გზავნილებმა შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიონ.
5. „იხმაურეთ“ მას შემდეგ, რაც ჩაიტარებთ აცრას, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თქვენს ირგვლივ გაიგოს თქვენი წარმატებული პერსონალური ისტორია.