ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორად კრისტიან დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.
დანიელსონი უკვე მეექვსე დღეა მართავს შეხვედრებს საქართველოში როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერებთან. იგი, ასევე, შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
კრისტიან დანიელსონის ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო და იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას. მხარეებმა შეთანხმებას ვერც 15 მარტს ვერ მიაღწიეს და დანიელსონმა საქართველოში დარჩენა იქამდე გადაწყვიტა, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.
თითქმის ორდღიანი ტაიმაუტის შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა პარტიებთან შეხვედრები დღეს განაახლა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ერთად შეხვდა. რა მოხდა დღეს? რაზე შეთანხმდნენ და ვერ შეთანხმდნენ მხარეები? რა განაცხადეს მათ, შეხვედრის დასრულების შემდეგ? – „ვებგაზეთი“ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეების განცხადებებს აჯამებს.
პირველი კომენტარი შეხვედრის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. თუმცა, პირველი ის იმიტომ აღმოჩნდა, რომ მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ნათელაშვილმა შეხვედრის დატოვების მიზეზად, პირველ საკითხად რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხების არგანხილვა დაასახელა.
მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას, კონსულტაციებისა და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკველით და არა სახურავით – ნათელაშვილი
“მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას, კონსულტაციებისა და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკველით და არა სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმებისა და სხვა საკითხების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად”, — აცხადებს ნათელაშვილი.
ნათელაშვილის თქმითვე, დოკუმენტი, რომელის მოლაპარაკებების დროს მუშავდებოდა, იწყებოდა იმით, რომ ოპოზიცია შედიოდა პარლამენტში და 2024 წლის არჩევნებს დაელოდებოდა. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო.
გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი არ შეიძლება.
“გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გითხარით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.
გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,-განაცხადა ბოკერიამ.
მოლაპარაკებების სირთულეზე ისაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემც, თუმცა გარდა იმისა, რომ შეხვედრა ხვალ ისევ გაგრძელდება, სხვა მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს.
„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბროთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება ეს მოლაპარაკებები. როგორც იცით, შეხვედრა ორმხრივი იყო, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი.“
თითქმის იგივე კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რაც ხათუნა სამნიძემ.
„მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ანუ, ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
მთავარი რაზეც შევთანხმდით, ეს არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული
“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია.
“იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა.“
სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, შედარებით ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სერიოზული დისკუსია იყო და პროგრესი არის.
„ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვნახოთ, როგორ დასრულება, მალევე გაირკვევა ყველაფერი”,- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, ოპოზიციური პარტიებისთვის პრიორიტეტული საკითხია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და თუ ეს საკითხები არ შეთანხმდა, შეთანხმება ვერ მოხდება.
„მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ, უნდა იყოს თავისუფლებაზე. იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძს გახსნა, მთლიანად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ თუ „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე არ წამოვა, მაშინ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ისე გაგრძელდება, როგორც არის, ძალიან სამწუხარო იქნება. ვინაიდან, ყველა თემაზე მიმდინარეობს საუბარი, ყველას აქვს გათავისებული, რომ ორი მთავარი საკითხია, თუ ამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდა კონკრეტული შეთანხმება, შეთანხმება ვერ შედგება“,-აცხადებს მინაშვილი.
შეხვედრა შეაფასა მედიასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. როგორც კობახიძე განმარტავს, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს.
„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა, გახსოვთ ბორელის განცხადებების შემდეგ მოაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე, ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო. გუშინ ეს საჯაროდაც იხილეთ ყველამ ერთად. ეს არის ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი. რაც კულისებში ხდება, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ დღეს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები უმძიმდება დღითიდღე
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წვიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. საინტერესო დისკუსია შედგა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია, თუმცა, სხვა საკითხების განხილვაც გრძელდება, იმედი გვაქვს ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა“,-აცხადებს კობახიძე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, რთულია იმის თქმა თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები, ვინ რას თმობს, ან არ თმობს. საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ ის გაირკვა, რომ შეხვედრა იყო რთული, ისაუბრეს ყველაფერზე და ვერ შეთანხმდენენ ვერაფერზე. შეხვედრა როგორც მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, ხვალაც გაგრძელდება. იქნებ ხვალ გავიგოთ – რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობს.
საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ ის გაირკვა, რომ შეხვედრა იყო რთული, ისაუბრეს ყველაფერზე და ვერ შეთანხმდენენ ვერაფერზე. შეხვედრა როგორც მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, ხვალაც გაგრძელდება