უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგად იღუპება ხალხი და ნადგურდება სახლები.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გუშინდელი ღამე სასტიკი იყო.
„დღეის სიტუაციით ქვეყანაში არ არსებობს არცერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან მართებულ სამიზნედ, ყველას ებრძვიან, ყველა ცოცხალ არსებას ებრძვიან – საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი. ისინი იყენებენ სარაკეტო არტილერიას, რაკეტებს მთელი ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ და არასდროს ჰქონიათ სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის ბევრი ქალაქი ახლა უბრალოდ გადარჩა.
„ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ (ბელარუსი) ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში – და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.