“რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 ივლისზე საუბრისას თქვა. ის საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არის კითხვები ტენდენციების შესახებ, “როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მასთან თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობების უფლებებზე, ჟურნალისტების დაცვაზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობასა და კანონის უზენაესობაზე”. კარცელის თქმით, ამ ყველაფრის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა.
“ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია. დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ის, რომ ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში. არსებობს სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, (ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუ ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს.
რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული.
თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე? ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით”. – თქვა ვოლსკიმ.