ევროკავშირის რეგულატორს, „ევროპის წამლის სააგენტოს“ კვლევის პროცესში ისევ არ მოუპოვებია მტკიცებულება, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბოზს იწვევს. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია.
ემერ კუკმა ხაზი გაუსვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს თრომბოზის შემთხვევები არ ყოფილა. სააგენტო საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციებს 18 მარტს გამოაქვეყნებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც ბოლო დღეებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ამ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულ აცრილ ადამიანს თრომბის პრობლემა გაუჩნდა, ნაწილი კი, ამ ვაქცინით აცრებს განაგრძობს.
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის მხრიდან ვაქცინაციის შეჩერება, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მედიაშიც გამოიწვია აზრთასხვადასხვაობა და ბევრი ჟურნალისტი, ექსპერტი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ მოტივზე.
“ამ პროცესის პოლიტიკურ მოტივზე წერს მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურულიც. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ბრიტანული „ასტრაზენეკას“ მიმართ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული “დარტყმა” ხდება, რაც ძირითადათ პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული.
„ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ ასტრაზენეკას წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული “დარტყმა” ძირითადათ პოლიტიკური მოტივაციით არის გაპირობებული. ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში. როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი “ანტიბრიტანული ოპერაციის” წინააღმდეგ.
ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ “ბილდში” სტატია სათაურით: “ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!”. Wolfgang Münchau ცნობილი გერმანელი ჟურნალისტია. ის „Financial Times“ -ის ასოცირებული რედაქტორია და ყოველკვირეულ მიმოხილვით სტატიებს წერს ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკის შესახებ. „ჩვენი ყველაზე უარესი პოლიტიკური შეცდომა“ – ასე ერქვა მიმოხილვას, რომელიც მან 23 იანვარს გამოაქვეყნა. „ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა: მათ რაციონალური მიზეზი მისცეს ადამიანებს, წინ აღდგომოდნენ ევროპულ ინტეგრაციას.“ – ჰერ ვოლფგანგის შეფასება. კორონა-პანდემიამ ბევრი პოლიტიკური „თავი“ გააგორა და იმსხვერპლა. ეს ბუნებრივი იყო. პანდემია ომია და ომს ძალიან კომპლექსური პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა სჭირდება. ბევრი საინტერესო “აღმოჩენის” მოწმენი გავხდებით” – წერს გურული.
მისი თქმით, საოცარი უსინდისობაა, კრიმინალის რანგში აყვანილი, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე წარმოქმინილი ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც მისი აზრით გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება.
“მანამ კი ასტრაზენეკათი უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. გაირკვევა ორიოდე კვირაში ბევრი რამ. იმედია, საქართველოს ოფიციოზი შესაბამის მოქმედებებს განახორციელებს საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა.“ – წერს გურული სოციალურ „ფეიბუქზე“.
ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უკვე აცრილია დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი. აცრილებს შორის თრომბოზის 40-მდე შემთხვევაა. საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია. ორ დღეში 1447 აიცრა. 16 მარტის საღამოს მონაცემებით, დარეგისტრირებული იყო 4633.