კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები შეღავათებით ისარგებლებენ. ამას ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების პროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები, თავისუფლდებიან სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის – საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, რაც ათავისუფლებს მათ სათანადო პასუხისმგებლობისგან.
„ცვლილებები ეხება საეტაპო სამშენებლო ოქმების მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის გაუქმებას, ასევე ამ პრინციპით უქმდება მეორე კატეგორიის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის საბოლოო შემაჯამებელ ოქმში. რჩება მესამე-მეოთხე კატეგორიას ვალდებულება საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის და ასევე გთავაზობთ ამნისტირებას იმ ჯარიმებისა, რომლებიც იქნა გამოწერილი ამ მიმართულებით და გადავადებას 2022 წლამდე სანქციებისა მსგავს დარღვევებზე, რომ შეეგუოს ეს სფერო, ასე ვთქვათ, ოქმების წარმოებას, სადაც დეფიციტია და არ არის შესაბამისი კვალიფიკაცია ამ საეტაპო ოქმების შედგენის მათთვის, ვისაც რჩება ვალდებულება,“ – განაცხადა კომიტეტზე დავითულიანმა.