ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არის ავღანეთის პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელი, – ამის შესახებ განცხადებას ამრულა სალეჰი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გაქცევის ან სიკვდილის შემთხვევაში, პირველი ვიცე პრეზიდენტი ხდება მოქმედი პრეზიდენტი. ახლა ვიმყოფები ავღანეთში და კანონიერად ვარ ამ თანამდებობაზე. კონსულტაციებს ვმართავ ქვეყნის ყველა ლიდერთან, რათა ეს პოზიცია განვამტკიცო, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და კონსენსუსი“, – წერს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი 15 აგვისტოს გაიხიზნა სამშობლოდან. ბოლო განცხადებაში ღანიმ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან აცილებას ემსახურებოდა.