როგორ გვიცავს ხელების დაბანა?

315
unsplash.com

ხელის უწყლოდ დაბანის სტანდარტებზე ორი დოკუმენტი არსებობს. ერთი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქციაა, მეორე – აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის. აღმოჩნდა, რომ ამ ინსტრუქციების შესრულების ეფექტიანობა ერთმანეთისგან განსხვავდება. შოტლანდიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინება ადამიანებს ინფექციებისგან უკეთ იცავს.

წყლის გარეშე ხელის დაბანა? ეს როგორ?

არსებობს ხელის დაბანის ორი საშუალება: წყლით და წყლის გარეშე. საერთაშორისო სტანდარტები ორივე შემთხვევისთვისაა შემუშავებული. როდესაც წყალი არ არის, საჭიროა მადეზინფიცირებელი საშუალებების გამოყენება, როგორებიცაა ლოსიონები და ბალზამები.

ინსტრუქციები რა საჭიროა? ხელის დაბანა ყველამ არ იცის?

არა. სტატისტიკის თანახმად ირკვევა, რომ ხელს ბევრი სწორად არ იბანს. მეცნიერებმა შეისწავლეს ის, თუ როგორ იბანენ ხელს ადამიანები საზოგადოებრივ ტუალეტებში და აღმოჩნდა, რომ 3700 ადამიანიდან, მეათედი ხელს საერთოდ არ იბანს, მესამედზე მეტი – არ იყენებს საპონს და მხოლოდ 5% იცავს ყურადღებით ჰიგიენურ ნორმებს.

და მერე რა?

ის, რომ ხელის დაბანა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ამ საკითხს უამრავი ნაშრომი ეძღვნება და დასკვნები ძალიან შთამბეჭდავია. ზოგიერთი გათვლებით, ყველა ადამიანი ხელს ნორმალურად რომ იბანდეს, სიკვდილის შემთხვევები წელიწადში დაახლოებით მილიონამდე შემცირდებოდა. კვებით ინფექციებთან დაკავშირებული ეპიდემიების დაახლოებით ნახევარს, ხელის ცუდად დაბანა იწვევს. ცალკე თემაა – ინფექციები, რომლითაც ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში ავადდებიან: კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლების მიერ ჰიგიენის წესების დაცვა მკვეთრად ამცირებს ამ დაავადებებისგან გარდაცვალების შემთხვევებს.

კარგი. როგორ დავიბანო ხელი სწორად?

ამ პროცესის წაკითხვა საკმაოდ მოსაწყენია. ჯობს აქ ნახოთ ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ იბანს ხელს ადამიანი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თერთმეტივე პუნქტს იცავს. ვიდეოზე, კაცი ხელს 1 წუთზე მეტხანს იბანს, მაგრამ ამის გაკეთება უფრო მალეც შეიძლება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ხელის დაბანაზე 40-60 წამის დახარჯვა საკმარისია.  

დაბანის შემდეგ ხელი კარგად გაიმშრალეთ ინდივუდუალური პირსახოცით.

საპნის გარეშე ხელი როგორ დავიბანო?

ეს უფრო იოლია. დაისხით ხელზე მადეზინფიცირებელი საშუალება, კარგად წაისვით, არ დაგავიწყდეთ დიდი თითების და თითებს შორის ადგილების ცალკე დამუშავება. ისვით საშუალება მანამდე, სანამ ხელი მთლიანად არ შეშრება.

ხელი როდის უნდა დავიბანო?

  • როდესაც ის აშკარად ჭუჭყიანია, მაგრამ არამხოლოდ ამ დროს. არამედ
  • საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ;
  • საჭმლის გაკეთებამდე;
  • ჭამამდე;
  • უმ ხორცთან და თევზთან შეხების შემდეგ;
  • ცხვირის მოხოცვის ან დაცემინების შემდეგ;
  • საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის შემდეგ;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნის შემდეგ;
  • სახლის დალაგების შემდეგ;
  • ავადმყოფის მოვლის შემდეგ;
  • ავადმყოფის ნივთებთან და მის გამონაყოფთან შეხების შემდეგ;
  • ჭრილობის დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ.

ზიანის ამსახველი მაგალითი არსებობს?

ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, 60 წლის დონა ჯილმა, რომელიც უფროსკლასელებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების საფუძვლებს ასწავლის, ექსპერიმენტი ჩაატარა იმისთვის, რომ მოსწავლეებს ერთხელ და სამუდამოდ გაეაზრებინათ ის, თუ რატომ არის აუცილებელი ხელის დაბანა. ექსპერიმენტის შედეგების ამსახველი ფოტო მან მოგვიანებით ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თვალსაჩინოებისთვის მან პურის სამი ნაჭერი გამოიყენა, რომლებიც პაკეტებში განათავსა. აქედან ერთი ნაჭერი პაკეტში სტერილური ხელთათმანით ჩადო, მეორე – დაბანილი ხელით, ხოლო მესამე ნაჭერი პაკეტში მას შემდეგ შეინახა, რაც მას ერთხელ მაინც ხელი მოკიდა ყველა მოსწავლემ. 

რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები აკვირდებოდნენ, თუ როგორ უჩნდებოდა მესამე პაკეტში მოთავსებულ პურის ნაჭერს ბაქტერიული მწვანე და შავი წერტილები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებოდა.

წყარო: imedinews.ge / https://bit.ly/2K6LGH3