საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, დღეს მის მხარდამჭერებს, ნიკა გვარამიამ აქციაზე გააცნო.
როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს ქართულ საზოგადოებას დიდი შერიგება სჭირდება, რისთვისაც თითოეული მოქალაქე მზად უნდა იყოს.
„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან, ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ.
ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა. სხვა ევროპულ ქვეყნები კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ.
ჩვენ სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, სადაც ვიცხოვრებთ მშვიდად და ვიამაყებთ ყველანი.
რატომ ვარ დღეს საქართველოში? რადგან მე ვერ ვიქნები ბედნიერი თუნდაც ჩემს ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ უბედურებას და სისასტიკეს ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში.
უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი. ამას სიკვდილიც მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ. აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგეთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს.
ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის. არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა.
ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენ ქვეყანას.
ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე“, – წერია სააკაშვილის მიმართვაში.