ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი, ნანა ლემონჯავა ტოვებს და როგორც თავად ამბობს, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
ნანა ლემონჯავა სოციაურ ქსელ “Facebook”-ზე წერს, რომ “საქართველოსთვის” წალენჯიხის შტაბმა “პარტიისთვის და მისთვის მიუღებელი გზა” აირჩია. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია წითელი ხაზია.
“ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პორალიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა ის წარსული, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია. გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს.
ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა. პრემიერის ამ პოზიციას ვიზიარებ და ვუერთგულებ ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ პარტია საქართველოსთვის წალენჯიხის შტაბი ღალატობს იდეას, პარტიას და პარტიის ლიდერს. მათ აშკარად აირჩიეს პარტიისთვის და ჩემთვის მიუღებელი გზა. მაქვს ყველა ნიშანი თუ ინდიკატორი, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.
მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას საქართველოსთვის სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში”, – წერს ლემონჯავა.