“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, 2 ნოემბერს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციები გაიმართება.
ბათუმში აქცია 17:00-ზე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება, ხოლო რუსთავის ციხესთან 18:00-ზე. მელიას თქმით, რუსთავის ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს.
“მეგობრებო! საქართველო პროტესტს იწყებს!
2 ნოემბერს, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან)
18 საათზე კი, ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!
ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!” – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
ოპოზიცია ასევე გეგმავს 6 ნოემბერს საპროტესტო აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართოს. მელიას თქმით, 6 ნოემბრამდე ოპოზიციის წევრები ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.