სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, საშუალებით პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა, გადაესინჯა გადაწყვეტილება და რეალურ რეფორმებზე ორიენტირებული კანონი მიეღო.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის.
ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება.
აღნიშნული კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე და რომელმაც, შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური და ფინანსური რესურსის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალი ხარისხის პირობებშიც კი შეძლო – აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტის მიმართ, კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა.