„იმედი გვაქვს, რომ საქართველო წარსულის გაკვეთილებზე ისწავლის და რუსეთთან დაკავშირებით უფრო გამოზომილ პოლიტიკას განახორციელებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
განცხადება პრესის შეკითხვებზე საპასუხოდ გავრცელდა, რომლებმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პრესკონფერენციის წინ გაუგზავნეს.
„რუსეთი მზად იყო შეზღუდვები დაეწესებინა, რადგანაც პასუხი გასცა ქართველი რადიკალების პროვოკაციას. ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას, არსებული უთანხმოების მოგვარებას და ორმხრივ ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას. მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებზე ისწავლის და რუსეთთან დაკავშირებით უფრო გამოზომილ პოლიტიკას განახორციელებს“, – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აკრძალვა „დროებითია“. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღსადგენად საქართველოში უნდა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, შეწყდეს რუსოფობიური კამპანია და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობდეს. ასევე ბევრია დამოკიდებული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა.
წყარო: pia.ge