საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ნათია თურნავას ძალიან მალე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვიხილავთ.
„ნათია თურნავას ძალიან მალე ვიხილავთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ. თვითონ იტყვის როცა საჭირო იქნება. ნათია თურნავას წვლილი, მთელ გუნდთან ერთად, ძალიან დიდია წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაში და იმ უამრავ პროგრამაში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. მხოლოდ მისი მინისტრობის პერიოდში, „აწარმოე საქართველოში“ და მსგავსი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებში 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მარტო ბოლო სამ წელიწადში 90 ათასმა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი საქართველოში. გაზიფიცირებით საქართველო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპაში. ნათია თურნავა იქნება ჩვენი გუნდის წევრი და იქნება იმ ადგილას, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.